logo
ENG



წულუკიანი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" ამბობს, რომ პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს

30 მარ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" ამბობს, რომ პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს
ფოტო: პუბლიკა

კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის დილაში სტუმრობისას ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის იმგვარ ხელოვანებს მხარს, რომლებიც კლიშეების დანგრევას ცდილობენ, განაცხადა, რომ ისეთ რამეებს ვერ გაუწევს პროპაგანდას, რაც თავად არ მოსწონს. 

კითხვის შინაარსის უკეთ საილუსტრაციოდ ჟურნალისტმა ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" [and then we danced] მოიყვანა მაგალითად, რომელიც თბილისში მცხოვრები ორი ჰომოსექსუალი მამაკაცის სასიყვარულო ისტორიას ეხება. ფილმის პრემიერაზე რუსთაველის კინოთეატრთან პროპუტინური ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ შეკრებილები და მსურველებს პრემიერაზე დასწრების საშუალებას ძალადობის მუქარითა და ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით არ აძლევდნენ. 

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ფილმზე საუბრისას ხელოვანებს და მაყურებლებს, რომლებსაც საკუთარი უფლების განხორციელებაში პროპუტინური ძალები ძალადობის მუქარითა და დაშინებით უშლიდნენ ხელს, მხარდაჭერა არ გამოუცხადა და ამის ნაცვლად, ფილმი იმ ტიპის საკითხების "პროპაგანდირებას" დაუკავშირა, რომელიც თავად არ მოსწონს. 

"გააჩნია, რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც, მაინცდამაინც, პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს იმიტომ, რომ მე ვარ, ასევე, არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას", - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ სამინისტრო იმ ტიპის ფილმების დაფინანსებას გეგმავს, რომელიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს

"სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომელიც ერთი მხრივ საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს და მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, მათ უნერგავს თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები", - განაცხადა წულუკიანმა. 

2019 წელს ჰომოსექსუალი ადამიანების პერსონალურ გამოწვევებსა და სოციალურ მდგომარეობაზე, ისევე როგორც, მათ მიმართ არსებულ სამოქალაქო კლიმატზე გადაღებულ ფილმს ორგანიზებული ძალადობის მცდელობა მოჰყვა ქართული მარშისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის გარშემო გაერთიანებული შავრაზმული ძალების მხრიდან. 

ფილმის პრემიერაზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკურ აქტორებს, ისევე როგორც, მედიის წარმომადგენლებს ძალადობრივი აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზოგიერთ მათგანს კი სიტყვიერი შეძახილების და ძალადობის მუქარის ფონზე აიძულეს კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება. 

ძალადობაში მონაწილე პირები მაშინ აცხადებდნენ, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჰომოსექსუალური თემების პროპაგანდასა და ტრადიციული ღირებულებების მტრობას ისახავდა მიზნად. 


close დახურვა